EN
თანამედროვე ხელოვნების რეზიდენცია „თბილისი“ II / 2021

პირველი სახელოვნებო რეზიდენცია, „მაკდაუელის კოლონია“, ამერიკაში, ნიუ ჰემფშირში, 1907 წელს შეიქმნა, როდესაც კომპოზიტორმა, ედუარდ მაკდაუელმა თავის ფერმაში რამდენიმე კომპოზიტორი მიიწვია სამუშაოდ. მე-20 საუკუნის განმავლობაში “არტ-კოლონიამ” სახელი შეიცვალა და რეზიდენციად წოდებული, გავრცელებულ პრაქტიკად იქცა ხელოვნების თითქმის ყველა დარგში.

სახელოვნებო რეზიდენცია ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუციონალური ინფრასტრუქტურის განუყოფელი ნაწილია და მხატვრის ჩვეული გარემოდან გამოყვანას და მისთვის ისეთი სიტუაციის შეთავაზებას გულისხმობს, როდესაც ის უზრუნველყოფილია სამუშაო პირობებით და შესაძლებლობა ეძლევა გაეცნოს უცხო ტერიტორიას, განსხვავებულ კულტურას და ახალ მასალას.

გლობალური პანდემიის პირობებში, მოგზაურობის გართულების ან შეუძლებლობის ფონზე სახელოვნებო რეზიდენციის იდეა სწრაფად მოერგო ახალ რეალობას. დღეს, სახელოვნებო რეზიდენცია არა იმდენად ახალი ადგილების ათვისებას, არამედ იმ სახელოვნებო დინამიკის და შემოქმედებითი პრაქტიკის შენარჩუნებას ემსახურება, რომელიც პანდემიამდე არსებობდა. ახალი ტიპის რეზიდენცია - „საკუთარ სახელოსნოში“, ხელს უწყობს არა მხოლოდ სახელოვნებო გარემოს შენარჩუნებს, არამედ შემოქმედებითი პროცესის ეკონომიკურ სტიმულირებასაც, რაც ძლიერ მნიშვნელოვანია ხელოვანისთვის, შეზღუდული საგამოფენო, კომერციული და საპროექტო აქტივობის ფონზე.

თანამედროვე ხელოვნების რეზიდენცია „თბილისი“, 50 მხატვრის მონაწილეობით, პირველად, 2020 წლის აგვისტო-ოქტომბერში გაიმართა. „თბილისი“ II, 2021 წლის სექტემბერში 14 მხატვრის მონაწილეობით ჩატარდა. მეორე რეზიდენციისთვის მხატვრების შესარჩევი კონკურსის ფოკუსი ფიზიკური სამყაროს კვლევა იყო, როდესაც მხატვარი ნამუშევარში კრიტიკულად ეხება ჩვეული სინამდვილის ნებისმიერ გამოვლინებას, აღწერს მის დაფარულ მხარეებს, ან გვთავაზობს მის მხატვრულ-იმაგინაციურ ალტერნატივას.

თანამედროვე ხელოვნების რეზიდენცია „თბილისის“ მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური.

გამოფენა რეზიდენცია ჩვენს შესახებ არქივი