EN
START

"გამოგონილი სინამდვილე" თანამედროვე ხელოვნების რეზიდენცია "თბილისი" II / 2021-ის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების გამოფენაა, რომელიც სხვადასხვა მედიაში მომუშავე თოთხმეტ მხატვარს აერთიანებს. წარმოდგენილი მხატვრები 21-ე საუკუნის 10-20-ანი წლების ქართულ არტ-სცენის აქტიური წევრები არიან, დინამიური სახელოვნებო პრაქტიკით და მნიშვნელოვან პროექტებში მონაწილეობის გამოცდილებით.

თანამედროვე მხატვარი საზოგადოებას ეგზისტენციური, პოლიტიკური თუ სოციალური პრობლემების „მხატვრულ გადაწყვეტას“ სთავაზობს. მხატვრის ეს ფუნქცია კიდევ უფრო „გართულდა“ ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში, როდესაც შესაძლებელი გახდა რამდენიმე რეალობაში არსებობა. გლობალურმა ეპიდემიამ საბოლოოდ დაამტკიცა ვირტუალურ (Virtual reality), გავრცობილ (Augmented reality) ან შერეულ რეალობაში (Mixed reality) ნავიგაციის უნარის აუცილებლობა. თუმცა, ჯერ კიდევ პანდემიამდე გამოჩნდა გაუცხოვების ტენდეციები ერთადერთ, ჩვენთვის კარგად ნაცნობ, ე.წ. ფიზიკურ რეალობასთან. ციფრული კომუნიკაციის უსაზღვრო შესაძლებლობების, ადამიანის მიერ არასასურველი გამოყენების არც თუ ისე ხანმოკლე ისტორიამ შექმნა სიტუაცია, როდესაც ხელოვნური, გამოგონილი რეალობების ფონზე, სინამდვილე ყველაზე მეტად გამოგონილი აღმოჩნდა.

გამოფენის ადგილი თავდაპირველად თბილისის ისტორიის მუზეუმის, თანამედროვე ხელოვნების გალერეა იყო, თუმცა გლობალური პანდემიის მორიგი ტალღის ფონზე პროექტმა ციფრულ პლატფორმაზე გადაინაცვლა.

რეზიდენციის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრები თანადროულ ფილოსოფიურ და სოციოკულტურულ პრობლემატიკას უკავშირდება. გამოფენა ცდილობს სხვადასხვა სოციოკულტურული დისკურსის ფარგლებში გამოკვეთილი დამოკიდებულება ხელოვნების ენით აღწეროს და აქცენტი რეალურიდან ციფრულ სივრცეში ხელოვნების ჩვენების გზებზე გადაიტანოს. გამოფენაზე ნაჩვენებ ნამუშევრებთან კონტაქტი ვიდეო-გეიმის ფორმატში ხორციელდება, რაც თავის მხრივ მაყურებელს ნამუშევრის აღქმის ახალ „მენიუს“ სთავაზობს.

მონაწილეობენ: ქეუ მეფარიშვილი, სავლე შუბლაძე, აჩიკო შამახია, თეონა ჭანიშვილი, ქრისტინე კაკაბაძე, მაკო ლომაძე, ალექს სოსელია, სალომე ჯაში, თამრი ოხიკიანი, ზაზა ასპანიძე, ხატია ჩიტორელიძე, გიორგი გაწერელია, თამარ ბოჭორიშვილი, სალომე ჯიშკარიანი.

გამოფენა რეზიდენცია ჩვენს შესახებ არქივი