თიკო იმნაძე

ხმა, რომელიც არ ისმის
გრაფიკული პოსტერი
120x180

ჩვენ აღვიქვავთ საგნებს ჩვენს გარშემო, გვესმის ხმები ავტობუსების, სირენების, გაუთავაბელი მშენებლობის, მაგრამ ხშირად არ გვესმის ადამიანების ხმა და გვიჭირს მათი შემჩნევა, განსაკუთრებით პატარა, ახალგაზრდა და ღარიბ ქვეყნებში, სადაც მათი ხმა არასტაბილურ ეკონომიკურ მდგომარეობასა და მუდმივ გამოწვევებში იკარგება. თბილისის ერთ-ერთ უბანში, პლატოზე გაშლილ სახნავ-სამეურნეო მიწებზე მდგარ, თხელი ფიცრებით შეკრული სახლების ახლოს, გზაზე არის ობიექტი - ხელნაკეთი აბრა ‘ფულიანო ღორებო ეს ქვეყეანა ჩვენც გვეკუთვნის რიგით ხალხს’. ეს წლების განმალობაში ადამიანში დაგროვებული სოციალური უსამართლობის, უპასუხისმგებლობის, უნდობლობოს ექსპრესიაა. ექსპრესია კი ხელოვნების ერთერთი მთავარი გამოვლინებაა. თეთრ სამშენებლო ნარჩენის ფილაზე გადღაბნილი ყავისფერი ასოები, იდეალურ თანხვედრაში მოდის მესიჯთან რომელსაც ის ატარებს, მოუხედავად იმისა ფორმის ეს სახე და მასალა მიზნობრივად შეირჩა, თუ ხელთ არსებული მოცემულობიდან გამომდინარე. ასევე იდეალურ თანხვედრაში მოდის გამოხატვის შინაგანი და გარეგანი ფორმები. უცნობი ავტორი ქმნის ობიექტს და გამოაქვს მისი პირადი სივრციდან - ღობის მეორე მხარეს. მხატვარმა რამოდენიმე თვეში მოშორებით გადაგდებული აბრის პოვნის შემდეგ, ის ქუჩაში, ქალაქის მთავარ გამზირზე არსებულ სარეკლამო ბანერზე უნებართვოდ განათავსა, რაც აბრის, როგორც პროტესტისა და ხელოვნების გააზრებასა და უცნობი ავტორის მიერ შექმნილი ნამუშევრის ფართო მასებისთვის გაცნობას ემსახურება.