თბილისის პირველი ბიენალეს სახელია "მარტო სახლში", თემა - გადარჩენა.

როდესაც მიღებული და შეთანხმებული წესები აღარ მუშაობს, ახალი წესრიგის, ახალი რეალობის შესაბამისი ქცევების მოფიქრება და ჩამოყალიბება გვიწევს.

როგორ ვიქცევით ამ დროს? რა გზებს ვპოულობთ რომ დავიცვათ თავი და მივეჩვიოთ ახალ სინამდვილეს? როგორ უნდა გადავრჩეთ, როცა რეალობა მოულოდნელად თავდაყირა დგება?

ჩემთვის, როგორც ქართული 90-იანების ბავშვისთვის, ეს გადარჩენის გზა DIY (გააკეთე შენით) მიდგომა გახდა. როცა არაფერი მუშაობდა, ყველაფრის გამოგონება და ჩვენით კეთება გვიწევდა. ბავშვობაში ნასწავლი ეს უნარი ჩემთვის, როგორც არტისტისა და ორგანიზატორისთვის, მოგვიანებით მუშაობის მეთოდად იქცა.

თუ არ არის მუზეუმი - უნდა გააკეთო, თუ არ არის ბიენალე - უნდა დაიწყო. თუ არც შენობა გაქვს, არც ფული, არც კოლექცია - უნდა იპოვნო გზები, როგორ იმოქმედო მოცემულ სიტუაციაში. ააშენო ციფრული გალერეები, მუზეუმები, ან ნებისმიერი სივრცე დროებით მუზეუმად გარდაქმნა.

ბიენალე რამდენიმე ნაწილისგან შედგება. ესენია: გამოფენა სოციალურ ქსელში, ვიდეო თამაშში ინტეგრირებული ექსპოზიცია და საუბრების სერია.

თბილისის ონლაინ ბიენალეს ჩატარების მიზეზი არ არის პანდემია.ციფრული რეალობა, რომელიც სინამდვილეზე უფრო რეალური და გავლენიანი ხდება, სამუშაოდ სამყაროს ამოყირავებამდე შევარჩიეთ. ნამუშევრები, სიტყვები თუ გამოსახულებები, ციფრულადაა შექმნილი. მუზეუმის თუ გალერეის კედლების ნაცვლად, facebook-ის კედლებზე იპოსტება და სახლში მარტო დარჩენილი არტისტების ფიქრებს გაგვიზიარებს.ციფრული ცხოვრება, ციფრული რუტინა, ყველა ჩვენთაგანის ყოველდღიურობაა. აქ, ამ დროებით ზონაში, მარტო სახლში ჰაშთაგით გაერთიანებულ ქსელს ქმნის, სადაც არტისტები გადარჩენის გზებს გვიზიარებენ.

მარიამ ნატროშვილი

 

საქართველოში თანამედროვე ხელოვნების ონლაინ ბიენალეს ჩატარების იდეა რამდენიმე წლის წინ დაიბადა და განსაკუთრებულ აქტუალობას იმ დროს მიაღწია, როდესაც ცნობილი მიზეზების გამო, საზოგადოებრივი ცხოვრების სოციო-კულტურული, პოლიტიკური, ეკონომიკური, და სხვა გამოვლინებების დინამიკა რეალურ სამყაროში საგრძნობლად შენელდა და თითქმის მთლიანად ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლა.

ბიენალეს ფოკუსია გადარჩენის როგორც კერძო (პიროვნება) ისე საჯარო (საზოგადოება) ასპექტები და სხვადასხვა კრიზისულ სიტუციაში არსებობისთვის აუცილებელი ცოდნის და გამოცდილების კვლევა.

რა სახის უნარებია საჭირო ნაცნობი სოციო-ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული სისტემების ცვლილების შემთხვევაში?

რამდენად არის აუცილებელი ან შესაძლებელი დავბრუნდეთ ზუსტად იქ, სადაც ვიყავით?

რა უნდა დავივიწყოთ ძველი გამოცდილებიდან და რა არის ის, რაც მომავალ, ახალ "ნორმალურობაში" გამოგვადგება?

ბიენალეს სათაურია "მარტო სახლში", რომელიც ერთის მხრივ მიმდინარე მომენტს ეხმაურება, როდესაც გადარჩენის ერთადერთი გზა იზოლაცია და ფიზკური დისტანციაა, მეორეს მხრივ კი გადარჩენის იდეას, გადარჩენისთვის აუცილებელი უნარების კვლევას და ესქტრემალურ სიტუაციაში მათი გამოყენების რეალისტურ და ფუტურისტულ გზებს.

მაგდა გურული

 

მონაწილეობენ:

გვანცა ჯიშკარიანი, მაქსიმე მაჩაიძე, დავით ხორბალაძე, თინა სირაძე, ზურა ჯიშკარიანი, თამრი ოხიკიანი, ლევან ამაშუკელი, თამარ ჩადუნელი, სალომე ჯოხაძე, გიორგი მუხაძე, გიორგი როდიონოვი და პასმურ რაჩუიკო, ანასტასია ახვლედიანი, ანნა ძიაპშიპა, მანანიკო კობახიძე.

გურამ წიბახაშვილი, ირა კურმაევა, ნათელა გრიგალაშვილი, მამუკა ჯაფარიძე, კოტე ჯინჭარაძე, კარლო კაჭარავა, მიშა შენგელია, კოკა რამიშვილი, ილიკო ზაუტაშვილი, ნიკო ცეცხალაძე, ნიკო ლომაშვილი, ეთერ ჭკადუა, მურთაზ შველიძე, ოლეგ ტიმჩენკო, ანა წოწონავა, ნათია ბენაშვილი, როკო ირემაშვილი, მანუჩარ ოქროსცვარიძე, დავით კუხალაშვილი, მიშა გოგრიჭიანი, მაკა ბატიაშვილი, მარიამ აქუბარდია.

 

"თბილისის ონლაინ ბიენალეს" ოფიციალური მხარდამჭერია თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური.